ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის მთავარი მიზანი რუსეთთან სამხედრო ესკალაციის პრევენცია რჩება.
ამის შესახებ მან ბრიუსელში 28 და 29 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ თქვა.
„ნატოს ორი ფუნდამენტური ამოცანა აქვს, პირველი არის უკრაინის მხარდაჭერა. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა – ესკალაციის თავიდან აცილება, რომ არ მოხდეს ამ კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომში, რუსეთსა და ნატოს შორის ომში გადაზრდა. რადგან ეს გამოიწვევს უფრო მეტ ტანჯვას, სიკვდილს და ნგრევას”,- თქვა მან.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ მზად არის, ალიანსის სახელმწიფოების ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვას.
“ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ვმოქმედებთ. უკვე გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ მისი პრევენციისთვის“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.