საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-7 სხდომა გაიმართა

“საქპატენტის” ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-7 სხდომა გაიმართა.
“საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. ქვეკომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად არის შექმნილი.

საქართველოს მხარემ ევროკომისიის დელეგაციის წევრებთან საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის ტერიტორიაზე კონტრაფაქციის შემთხვევებს.

აღინიშნა გერმანიაში დაცული ქართული პროდუქტის, ყველის – „სულგუნი“ უკანონო გამოყენების ფაქტი. დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2023 წლის 20 იანვარს საქპატენტმა წერილობით მიმართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკომისიის (DG AGRI) გენერალურ დირექტორატს. თავის მხრივ, კომისიის მოთხოვნით გერმანიის რესპუბლიკის შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე, რის შედეგად, გერმანიაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებისა და დისტრიბუციის თავიდან აცილების მიზნით, კონკრეტული სუპერმარკეტების ქსელიდან უფლების დამრღვევი პროდუქცია ამოიღეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების საკითხი. ამ პროდუქტებს შორისაა აჯიკა, ასურეთული შალა, ქართული დაფნა, ხეთის მანდარინი, მაღრაანის ქისი, მუხურის თაფლი, ოკამი, ოყურეშის უსახელოური, ტყემალი, ზეგაანი.

შეხვედრაზე საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეგისტრაციის პროცესებს ეხებოდა. პრეზენტაციის საშუალებით შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ გეოგრაფიული აღნიშვნების კუთხით საქპატენტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირში საქართველოს მისიის წარმომადგენლები.

ევროკომისიის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა დირექტორატის წარმომადგენლები – ფრენკ ბოლენი, გესა ვესელერი, ჟორჟ ვასილაკისი, აისტ ზეგუნაიტე, ნიკოლო ნამარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები