პოროშენკო: დონბასში 57 უკრაინელი მძევალი გაათავისუფლეს
დონბასში 57 უკრაინელი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე გაავრცელა.
მისივე განმარტებით, მებძოლებთან მოლაპარაკებების შედეგად, თავდაპირველად 21 სამხედრო, მოგვიანებით კი, 36 ჯარისკაცი გაათავისუფლეს.
პრეზიდენტის თქმით, ზავის პერიოდი უკრაინულ მხარეს საშუალებას აძლევს, გაათავისუფლოს მძევლები, გააძლიეროს არმია და დაიცვას ქალაქები და სოფლები.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ზავი უკვე რამდენიმე დღეა მოქმედებს, თუმცა დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია, რუსი ტერორისტები უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იერიშებს აგრძელებენ.
ტიმჩუკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე ტერორისტებმა 4-ჯერ მიიტანეს იერიში.