გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება.