გიორგი ბარამიძე: ვინც სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ
“არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის წევრები, რომლებიც მანიფესტს არ შეუერთდებიან, საკუთარ გზას თვითონ მონახავენ.
„ეს ფიზიკური ხელმოწერა აბსოლუტურად არ არის აუცილებელი. მე არ ვაპირებ, რომ ფიზიკურად ხელი მოვაწერო. ვუერთდები. ასე რომ შეერთება ამ მანიფესტის სულისკვეთებასთან აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას იმ ბრძოლაზე, რომლითაც ჩვენ რუსული მოღალატური რეჟიმი უნდა დავამარცხოთ საქართველოში და დამიდექით გვერდით”. ეს არის ის იდეები, რომელიც არის წამოსული „ვარდების რევოლუციის“ იდეებიდან. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მაშინ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თუ ვერთიანდებით ამ იდეების და მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვუერთდებით ამ მანიფესტს, ვინც არ უერთდება თავის გზას თვითონ მონახავს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.