შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია გამოძიება, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება, დოკუმენტების შეგროვება, რათა ადრე თუ გვიან, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელები.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ გამოძიება. გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოოდ, ამ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბოლოოდ, მიეღწია მართლმსაჯულებისთვის. მართალია, აღსრულება შემდეგ ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება, დადგენა, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელებიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.