შალვა პაპუაშვილი: „ლელოსთან“ დაკავშირებით რთულია რაიმე განცხადების გაკეთება – რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა
“თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს, უპირველეს ყოვლისა, არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ლელოს” რუსეთი, რუსი აკერია პირზე და ეს პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა ჰგონია”.
„ლელოსთან“ დაკავშირებით რთულია რაიმე განცხადების გაკეთება. რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა და ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია. ერევათ ერთმანეთში საბჭოთა რეჟიმი და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია და უყურებენ სხვა დედაქალაქებს ისე, როგორც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. საერთო ჯამში ეს არის კომპლექსები, რომლებიც მათ შიგნით აქვთ რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ არასერიოზულია ზედმეტი მოჩვენებითი პატრიოტიზმი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და მათ არავინ დაუჯერებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.