ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს გადასცემს, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„დღეს მე გამოვაცხადე 100 მილიონი დოლარის ღირებულების კიდევ ერთი სამხედრო დახმარება“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა HIMARS-ის ერთი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა, Stinger-ის საზენიტო რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები TOW და Javelin და AT-4 სისტემები.