„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – კონცერტები საინტერესო პროგრამით გრძელდება
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ატარებს.
როგორც „კვირას„ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალი, 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა. ნოემბერში კი, ფესტივალმა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გადმოინაცვლა და საფესტივალო კონცერტები 30 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
10 ნოემბერს, უკვე ტრადიციულად ქცეული „ქართულ-ევროპული საეკლესიო მუსიკის“ კონცერტი ჩატარდა, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსმენელების წინაშე, ანსამბლი „სახიობა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი, სოლისტები: ანა ონიანი (სოპრანო), მარგარიტა ცინცაძე (მეცო-სოპრანო), გურამ პაატიშვილი (ტენორი), ლევან ტაბატაძე (ბანი) და გერმანელი დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი წარდგნენ.
კონცერტის პირველ განყოფილებაში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა, ხოლო მეორე განყოფილებაში, პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესა“ შესრულდა.
15 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში, საოპერო მუსიკის მოყვარულებისთვის, კონცერტი – OPERA GALA გაიმართა.
კონცერტზე, როგორც საორკესტრო, ასევე საოპერო არიები და დუეტები შესრულდა.
ამ საღამოს, ფესტივალის სტუმრები იყვნენ მოწვეული მუსიკოსები აზერბაიჯანიდან: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და ეიუბ გულიევი (დირიჟორი).
„საქართველოს სინფონიეტა“, ერთადერთი ბაროკოს ორკესტრია ამიერკავკასიაში და „თბილისის ბაროკო ფესტივალსაც“, სადაც ძველებური მუსიკა ისტორიულ ინსტრუმენტებზე ავთენტიკურად სრულდება, არ გააჩნია ანალოგი ჩვენს რეგიონში, ამიტომ ბაროკოს მუსიკის პოპულარიზაციისთვის, თანამშრომლობა მეზობელ ქვეუნებთან მეტად მნიშვნელოვანია.
2022 წელს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიწვევითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში – „ბაროკოს მუსიკის დღეები“. მას შემდეგ თანამშრომლობა აზერბაიჯანელ კოლეგებთან განგრძელდა და ახლა უკვე 15 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ქართველი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები ერთად ვიხილეთ.
15 ნოემბრის შემდეგ, 24 ნოემბერს განსაკუთრებული საღამო გველოდება. „საქართველოს სინფონიეტა“, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ზურა ბალანჩივაძესთან (მთხრობელი) ერთად სპეციალურად ბავშვებისთვის გამართავენ კონცერტს – „ბაროკო ბავშვებისთვის“; 27 ნოემბრის კონცერტი, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის, გეორგ ფილიპ ტელემანის შემოქმედებას დაეთმობა, სადაც გერმანელი მევიოლინე ქრისტინე ბუში და კლავესინისტი იორგ ჰალუბეკი, „საქართველოს სინფონიეტას“ სოლისტებთან ერთად ტელემანის მუსიკას შემოგვთავაზებენ; ფესტივალი საზეიმოდ, 30 ნოემბერს დაიხურება და დასკვნით კონცერტზე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გერმანიიდან ჩამოსულ სოლისტებთან: ქრისტინე ბუშთან (ვიოლინო) და იორგ ჰალუბეკთან (კლავესინი) ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის მუსიკას შეასრულებენ.
მრავალფეროვანი კონცერტების გარდა, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასები და საჯარო ლექციები ტარდება. საჯარო ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, სხვადასხვა მუზეუმში იმართება.
16 ნოემბერს, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ცთბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში „თბილისის ბაროკო ფესტივალთან“ თანამშრომლობით სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ მალხაზ ერქვანიძის საჯარო ლექცია – „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანის პერიპეტიები და ქართული სამუსიკო სისტემა“ გაიმართა.
20 ნოემბერს, 17:00 საათზე, მუსიკოლოგი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოციერებული პროფესორი, გვანცა ღვინჯილია, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ – მუზეუში, ბახის „მათეს პასიონზე“ გამართავს საჯარო ლექციას; 25 ნოემბერს, 19:00 საათზე კი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ – მუზეუმში, საგუნდო დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია ჩაატარებს ლექციას – „ქართული საგუნდო მუსიკის ევროპული გზა“.
საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
10 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საფესტივალო კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ტარდება, დასაწყისი 19:30“, – განუცხადა „კვირას“ თეა მუქერიამ.
კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია პორტალზე www.biletebi.ge