ირაკლი კაკაბაძე ჟვანიას მკვლელობის ვერსიაზე ინფორმაციას ავრცელებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მისი სავარაუდო მკვლელობის ერთ-ერთი დამკვეთი, ჟვანიასთან კამათის შემდეგ, მეორე დღესვე მოსკოვში გადაფრინდა, – ამის შესახებ უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. კაკაბაძის თქმით, აღნიშნულ პირს, როგორც ამბობენ „გრუ“-ს მაღალ ოფიცრებთან შეხვედრა ჰქონდა, რაც მიანიშნებს, რომ ჟვანიას მკვლელობით მოსკოვში გარკვეული წრეები იყვნენ დაინტერესებული.
„დღეს ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. როგორც მე გავიგე, პრემიერი ზურაბ ჟვანიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მისი ერთ-ერთი სავარაუდო მკვლელობის დამკვეთი მოსკოვში გადაფრინდა მასთან კამათის შემდეგ მეორე დილასვე. როგორც ამბობენ, მას შეხვედრა ჰქონდა გრუ-ს მაღალ ოფიცრებთან. ეს ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, რომ ჟვანიას მკვლელობაში დაინტერესებული იყო მოსკოვში გარკვეული წრეები. ჯერჯერობით ძალიან რთული სათქმელია ვინ იყო ეს – სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი თუ უშუალოდ პოლიტიკური ლიდერშიპი. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება – მისი სავარუდო მკვლელები მოსკოვთან კავშირში იყვნენ. საინტერესოა, ჟვანიას საქმის გამოძიებას რამდენად აქვს ეს მასალები? რამდენად არის მოსკოვის კვალი შესწავლილი ამ საქმეში? რატომ იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს კვალი მთლიანად იფარცხებოდა? რატომ შეიძლება დასჭირვებოდა მოსკოვს პრემიერ ჟვანიას მოკვლა? – ყველა ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხია გასაცემი. ეს პასუხები არსებობს – მაგრამ საკითხავია, გავიგებთ ჩვენ მათ?“, – წერს კაკაბაძე.