მამუკა მდინარაძე: „არა და არასდროს“ ქართველ ხალხს არ დაავიწყდება – დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.
მდინარაძის თქმით, მას არ აქვს დიდი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„მიხეილ სააკაშვილი გარდა იმ დანაშაულებისა, რაზეც იხდის სასჯელს, ბრალდებულია ზოგადად ძალიან დიდ, სისტემურ და უპატიებელ დანაშაულებში. იმიტომ, რომ მან შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა, ადამიანის უფლებების გაანულა ამ ქვეყანაში. ამ სისტემის თავში იყო მიხეილ სააკაშვილი. თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, მაშინ მისი საქმეა. არ მგონია ეს ამბავი ადვილად გასაზიარებელი იყოს, ადვილად იყოს პასუხისმგებლობა ასაღები ამ ყველაფერზე.
„არა და არასდროს“ ქართველ ხალხს არ დაავიწყდება. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ შეიწყალებს, თუმცა მთლიანად ოპოზიციის მესიჯბოქსზე რომ არის გადასული უკვე ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ესეც ნათელია“, – განაცხადა მდინარაძემ.