კახა კალაძე – თემურ ალასანიას განცხადებაზე: 2008 წელს რა ქნეს, ომით რა გააკეთეს? მე გეტყვით, რა გააკეთეს – დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ჩვენი გმირი ჯარისკაცია დაღუპული
“წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს. რეალურად, კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები გააჩნიათ”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას.
კალაძის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„2008 წელს რა ქნეს, ომით რა გააკეთეს? მე გეტყვით, რა გააკეთეს. დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უამრავი ჩვენი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა დაღუპულია. აი, ეს მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, უნდა გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით ჩვენ შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თემურ ალასანიამ განაცხადა, “რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება?”.