დავით ნარმანიამ ყოფილი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამხილა
თბილისის წინა მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ გარიგების შედეგად თბილისის ბიუჯეტმა 10 მლნ ლარზე მეტი დაკარგა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია სამართალდამცველებს დღეს გადაეგზავნებათ. საქმე ეხება თბილისის მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის 2010 წლის 26 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ბანკი მომსახურების გასაწევად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა წლიური 16,5%-ის ოდენობით ლარში, დოლარში – 11%-ს და ევროში – 8%-ს. ამასთან, 2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: მინიმალური ზღვრის 40 მლნ ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,5% ლარებში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მლნ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4%. ხოლო აშშ დოლარში და ევროში არსებულ თანხებს 2-2% ერიცხება. თბილისის მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით, თბილისის მერიას საპროცენტო შემოსავლების სახით 2013 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის აგვისტომდე დაახლოებით 10 500 000 ლარი დააკლდა.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, როგორც წესი, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური აგვარებდა, ხელშეკრულებას კი ხელს დავით ალავიძე აწერს. „თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილებების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით, რის გამოც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნებს არ გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, მოძიებული დოკუმენტაცია, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისვე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ერთადერთი არ არის და არსებობს კიდევ სხვა დოკუმენტაცია, თუ როგორ ზარალდებოდა თბილისის ბიუჯეტი.
„დაგვხვდა პროცესი, რომელიც ახლა ჩვენი გამოსასწორებელია. ყველა დოკუმენტაციაზე, რომელიც დარღვევებს შეიცავს, მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ და ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გააფორმა ხელშეკრულება, როგორც წესი, საფინანსო ტიპის ხელშეკრულებებს ამზადებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ხელშეკრულებას ხელს დავით ალავიძე აწერს და დოკუმენტი ვიზირებულია ასევე სხვა სამსახურების მიერ“, – განაცხადა ნარმანიამ.