აშშ-ში „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“ – ჩვენება გაიმართა
ამერიკაში 2024 წელს კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის – „მოქალაქე წმინდანის“ – ჩვენება გაიმართა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას, რომელიც „სოჰო ჰაუზში“ გაიმართა, ამერიკის კინოაკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ოდიშარია, საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში დავით კურტანიძე, ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება და დისკუსია, რომელსაც გაუძღვა დევიდ ვოლაჩინსკი.
ფილმი გაცოცხლებული წმინდანისა და მაღაროელების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი და მისი ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც წმინდანი გაცოცხლდება და მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას, მაგრამ ეს უჩვეულო მოვლენა მოქალაქეებს აწუხებთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შესარჩევი კონკურსით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ გამოავლინა. ფილმის რეჟისორია თინათინ ყაჯრიშვილი. ფილმმა შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა (12-იდან რვა ხმა). „მოქალაქე წმინდანი“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.