ეროვნული მუზეუმი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს
19 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე ეროვნული მუზეუმი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართველი მხატვარი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე კრისტიან დიორისთვის ქმნიდა ესკიზებს.
„ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების შთამომავალი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ვაჩნაძეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ამის დასტური სწორედ მისი შემოქმედებაა, რომელშიც ქართულ შტრიხებს ადვილად ამოიცნობთ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ შემოქმედებას საქართველოში მაინცდამაინც დიდი წრე არ იცნობს.
ამის გამოსწორება დაისახა მიზნად საქართველოს ბანკმა, რომლის მხარდაჭერითაც ნოემბერში თბილისში დე ლეტეს ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ამასთან, გამოვა წიგნი, რომელიც ვაჩნაძის ბიოგრაფიულ ცნობებსა და ნახატებს გააერთიანებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.