„სოხუმში ვილას აშენება – ეს ოცნებაა ჩემი“ – გალაკტიონის დაბადების დღე
1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა. მას 132 წელი შეუსრულდებოდა.
ჟურნალისტი ნატო კორსანტია ფეისბუქის გვერდზე ტექსტს და ფოტოებს აქვეყნებს.
„სოხუმში ვილას აშენება – ეს ოცნებაა ჩემიო“, – ჩაუნიშნავს ერთგან გალაკტიონს.
მეორეგან სახლის კონტურებიც მოუხაზავს:
„სახლი უნდა იყოს ორსართულიანი.
ქართული სტილის…
რაც შეიძლება მაღალი“.
„იდეა მიქელ-ანჯელოსი (სიმაღლის იდეა)”, – მიუწერია უფრო ქვემოთ.
მასზე უკეთ ვინ უწყოდა, რას ნიშნავდა „Вилла Галактиона, – Вилла короля поэтов“.
სახლის მშენებლობის პროცესი ბევრად უფრო რთულად წარიმართა, ვიდრე წარმოედგინა.
თავად „ხატავდა, ხაზავდა, ზომავდა, ანგარიშობდა“… ჩვეულებისამებრ, აქაც სრულად იხარჯებოდა, მაგრამ ამაო დაპირებებს და ფინანსურ პრობლემებს მაინც ძნელად უმკლავდებოდა.
საბოლოოდ, 1949 წელს დაწყებული მშენებლობა 1958 წელს დაასრულა და ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ შიგ ცხოვრებას ვერ მოესწრო” (წიგნიდან „გალაკტიონი, ზღვა და აფხაზეთი”).
ფოტოზე: გალაკტიონი სოხუმის ბოტანიკურ ბაღში (ქართული ლიტერატურის მუზეუმის არქივიდან).