ალეკო ელისაშვილი – IRI-ის კვლევაზე: სარკეში უნდა ჩავიხედოთ – ეს ვართ, როგორც გამოვიყურებით

“სარკეში უნდა ჩავიხედოთ, სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ? ეს ვართ, როგორც გამოვიყურებით. ამ კვლევას რომ ნახავ, უნდა დაფიქრდე რაღაც კონტურის მოხაზვაზე”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა IRI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ოპოზიციამ ამბიციები უკან უნდა დაქაჩოს.

„არის ერთი დიდი ეროვნული მიზანი, ჩემთვის ეს მიზანი არის ძალიან მკაფიო, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, არა „ნაციონალური მოძრაობით“, მაგრამ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით დემოკრატიად, დაჭაობდება ქვეყანა, ისედაც ხომ დაჭაობდა და ბრეჟნევის ეპოქაში დავბრუნდებით, თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა. ოღონდ მშვიდად, წყნარად, ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც დროით მოდიხარ, მერე მიდიხარ, ეს უნდა გახდეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი. სწორი იქნება თუ ოპოზიციური პარტიები ამაზე ვიფიქრებთ, დიდ ეროვნულ მიზანს როგორ მივაღწიოთ, როგორ შევცვალოთ ხელისუფლება. ამ კვლევას რომ ნახავ, უნდა დაფიქრდე რაღაც კონტურის მოხაზვაზე, მე, მაგალითად არაფერი მესაქმება რუსეთზე მეოცნებე ხალხთან, სულ რომ გარანტირებული მქონდეს მათთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა. გამორიცხულია მათთან რამეში გავერიო, საკმაოდ შეცდომები დამიშვია, ბურჯანაძესთან და ვისთან ერთად არ ვმჯდარვარ.

სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ, ეს ვართ, როგორც გამოვიყურებით, მიწაზე უნდა დაეშვას ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი და ნუ ჰგონიათ, რომ 2 პროცენტი კი დაუწერა IRI-მ, მაგრამ სინამდვილეში 40 აქვთ, ამ ილუზიებშიც არის ბევრი. მართლა თუ უნდათ, რომ მივაღწიოთ დიდ მიზანს, რასაც ხელისუფლების ცვლილება ჰქვია, ამბიციებიც უკან უნდა დავქაჩოთ, გადაჭარბებული წარმოდგენებიც საკუთარ შესაძლებლობებზე და ადეკვატურად და მეტ-ნაკლებად პარტნიორულად უნდა ვიფიქროთ. ყველას უნდა, რომ „კოალიციაში ახლა მე უნდა ვიყო მთავარი და თქვენ ჩემი სეფექალები და სეფეკაცები უნდა იყოთ,” ასე არ გამოდის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ადეკვატურად ვუყურებთ რეალობას,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“, 13% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, „მოქალაქეებს” კი – 2%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები