IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ევროკავშირში გაწევრიანებას 86% უჭერს მხარს, ნატოში გაწევრიანებას – 79%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 79% – ნატოში გაწევრიანებას.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას (აქედან 73% სრულიად უჭერს მხარს, 13% კი გარკვეულწილად), ხოლო 79% – ნატოში გაწევრიანებას (აქედან 65% სრულიად უჭერს მხარს, 14% კი გარკვეულწილად).
ამასთან, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მხარდამჭერთა შორის 17% ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი იქნება, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, 74% – მაინც დაუჭერს მხარს, ხოლო 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.
ევროკავშირში შესვლის მთავარ სარგებლებს შორის 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 14% – უსაფრთხოებას, 14% – ქვეყნის განვითარებას, 8% – უკეთეს მომავალს.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.