„ვარიაციები” – ირა ლავრინენკოს გამოფენა გაიხსნება

17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალერეაში „ვანდა” ირა ლავრინენკოს გამოფენა „ვარიაციები” გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქსოვილი, ფაქტურა, ფერი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც წარმოადგენს ეს მასალა ირა ლავრინენკოსთვის, როგორც თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, მედიტაციის საშუალება.
მისი ნამუშევრები  დახვეწილი და ჟღერადია, ხელოვანი იყენებს ტექსტილის სრულ პოტენციალს და აქცევს მას არაჩვეულებრივ დეკორატიულ პანოებად, რომლებიც თავისი გამომსახველობით ფერწერას უტოლდება.
ირა ლავრინენკო:
„ეს არის ის, რასაც დავუთმე ჩემთვის განკუთვნილი ცხოვრების ნახევარი. ის, რაც ამ ქვეყანაზე ჩემი არსებობის მცირე და მოკრძალებულ კვალად დარჩება.
ამბავი შეიძლება დაიწყოს ჩვეულებრივი პატარა ნაკუწით, რომელიც რატომღაც თვალში გხვდება, მოგვწონს და გვანდომებს ახალი ნამუშევრის შექმნას. ასე ხდება ხშირად…
მერე ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე – ეს განმეორებადი პროცესი გვიფერადებს არსებობას, გვამშვიდებს. მუშაობის თერაპიულ ეფექტთან ერთად ინტერიერსაც გვილამაზებს, კმაყოფილ მაყურებელსაც პოულობს, თან უკეთესისკენ გვიბიძგებს და ახალი იდეების გენერირებაში გვეხმარება.
ამ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრები დაწყებულია ერთი პატარა დეტალით, რომლის გარშემოც განვითარდა კომპოზიცია, ამბავი, ისტორია. არაფერი იყო წინასწარ განსაზღვრული, იმპულსი ჩანაფიქრიდან არ წამოსულა, მასალამ თვითონ გასცა სიგნალი, რომელსაც გავყევი და ეს ნამუშევრები შემაქმნევინა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები