ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განვიხილეთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი – ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლსა და ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ეუთოს როლს.

ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის პროცესში საქართველოს როლი.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებული ხაზი გავუსვით რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა მომდევნო წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაზე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და გადადგმული ნაბიჯები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკომისიის მიერ პოზიტიური რეკომენდაციის მიღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი – მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები