მამუკა მდინარაძე: მართალი თქვა ელჩმა – ქართულმა სახელმწიფომ სანქციები მინიშნებად მიიღო და დაიწყო გამოძიება
„მართალი თქვა ელჩმა. ქართულმა სახელმწიფომ სანქციები მინიშნებად მიიღო და დაიწყო გამოძიება. ქართულ სახელმწიფოს ეს მინიშნება ხომ არ გაუტარებია, დაიწყო გამოძიება, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გამოძიების ფარგლებში ჯერ არავის, მსოფლიოს არცერთი კუთხიდან, არ მოუწოდებია მტკიცებულება”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ მშრალი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
“თუ ასე არ არის მიმართეთ ნებისმიერ უწყებას და თუ არის რამე მტკიცებულებები ამასაც მივიღებთ და სხვანაირად ვილაპარაკებთ. ერთი მხრივ სწორია, მინიშნებად მიიღო ქართულმა სახელმწიფომ, მშრალი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მტკიცებულებები არ იყო მოტანილი ამ განცხადების დასადასტურებლად, თუმცა, მაინც, პარტნიორის პატივისცემით, ავტორიტეტით ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება უმალვე, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულებებიც არ ჩანს, რომელიც ამ განცხადებას გაამყარებდა. გამოძიება წყდება მაშინ, როდესაც გადის გარკვეული დრო და მტკიცებულებების არ არსებობის გამო შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ არ ვიცით დეტალები და არ შეიძლება პოლიტიკოსს კითხვა დაესვას ან შემდეგ პოლიტიკოსი „წამოეკიდოს“ ამ კითხვას და გითხრათ, რომ დიახ, უნდა შეწყდეს ან არა, ეს არ არის არცერთი პოლიტიკოსის საქმე. გირჩევთ და გთხოვთ, რომ პოლიტიკოსს არ დაუსვათ შეკითხვა, რომელიც არ არის მისი გადასაწყვეტი. არ შეიძლება, სამართლებრივი საკითხები გადაწყვიტოს პოლიტიკოსმა, კამერებისა და მიკროფონების წინ”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე.