გრებენშიკოვი: საბჭოური „რომანტიკა“ ბრუნდება
„ზოგ ადამიანს ოცი წლის მანძილზე პირველად კონცერტებს უხურავენ, ზოგიერთებზე კი ძველი რეჟიმის მსგავსად პრესა ახორციელებს თავდასხმებს – საერთო ჯამში, ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის“, -ასეთი იუმორით რუსეთში სიტუაციის შესახებ კომენტარი ცნობილმა რუსმა როკმუსიკოსმა, ჯგუფ „აქვარიუმის“ ლიდერმა ბორის გრებენშინკოვმა „ნიუს რუ ისრაელთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი აზრით, რუსეთში საბჭოური „რომანტიკა“ ბრუნდება. გრებენშიკოვის აზრით, „ხელისუფლება – ერთია, ქვეყანა – მეორე“.
„ჩემი ქვეყნის მიმართ სიყვარულს ვგრძნობ – ასე იყო ბავშვობაში, ასე იყო 80-იან წლებში, ასეა ახლაც. და საბედნიეროდ, არანაირ ხელისუფლებას არ ვენდობი, ამიტომ იმედგაცრუებაც არ არსებობს“, – განაცხადა მუსიკოსმა.
გრებენშიკოვმა აღნიშნა, რომ ვერანაირად ვერ ადარებს იმას, რასაც ხედავს პეტერბურგის და მოსკოვის ქუჩებში სეირნობის დროს და „ტალახის იმ ქარიშხალს, რომელიც ტრიალებს ინტერნეტში“.
„ქუჩებში, უმეტესწილად, აბსოლუტურად ნორმალურ ადამიანებს ვხედავ“, – ამბობს გრებენშიკოვი. მუსიკოსის აზრით, უძველესი ხანიდან ადამიანები არ იცვლებიან, და, რუსეთიც, იმის გათვალისწინებით, რას წერდნენ მასზე მისი მთელი ისტორიის განმავლობაში, – ასევე არ იცვლება. გრებენშიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ნებისმიერი სახელმწიფოს საქციელი, როგორც წესი, სრულად არ შეესაბამება რეალურ ვითარებას ქვეყანაში“.