“იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე” – შალვა პაპუაშვილი

“გილოცავთ პოლიციელის დღეს!გილოცავთ თქვენ, ვინც ყოველდღიურად დგახართ სახელმწიფოს, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღეზე, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სწორედ პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისა და კანონს თვითნებობისგან იცავს.

“იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე.

თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება – თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე.

სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა. რეგიონში არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, რადიკალიზმი – ეს ყველაფერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას. ასეთ ვითარებაში პოლიციის პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დღევანდელ დღეს მადლიერებით ვიხსენებთ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საქართველოს მსახურებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი თავდადება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ღირსეული ნაწილია.

მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს – მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს, იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად ატარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას. ძლიერი ოჯახი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს საყრდენი, ხოლო თქვენი ოჯახები ამ ძალის განსაკუთრებული მაგალითია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს.

გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს და ღირსეულ მსახურებას საქართველოს წინაშე.

ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები