ილია დარჩიაშვილი: თავისუფალი არჩევნების შესახებ რეკომენდაცია მოულოდნელი არ არის, ის თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ინტერესთან
თავისუფალი არჩევნების შესახებ რეკომენდაცია მოულოდნელი არ არის და ის თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ინტერესთან და ძალისხმევასთან, რომ თითოეული მორიგი ახალი არჩევნები იყოს წინამორბედ არჩევნებზე უკეთესი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს ახალ რეკომენდაციებში მითითება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ღია, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ელოდება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ასეთი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა არ გვაქვს და უნდა დავნერგოთ.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, საქართველომ ჩაატაროს ღია, კონკურენტუნარიანი და ტრანსფარენტული არჩევნები. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ზურგს უმაგრებს ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების გამოცდილება, რომლებთან მიმართებაშიც ჩვენ საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. იმისთვის, რათა ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ და მოვახერხოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში არჩევნებთან მიმართებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა და ამას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.