უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლება წევრ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის საკითხზე აქტიურად მუშაობს.
„მას შემდეგ, რაც კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა, ერთი მხრივ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიკურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში – საქართველო-ევროკავშირი, პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს ძლიერად მობილიზებული პარტნიორების ხმა.
დარწმუნებული ვართ, ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს მწვანე შუქს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის ფორმატში, რომლითაც გადავალთ ევროინტეგრაციის საბოლოო ფაზაში, რომელიც კიდევ უფრო კომპლექსური, რთულია, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა, გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანა ვაქციოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს გამოცხადდება.