კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილ რეჟისორსა და სცენარისტს, გიორგი ოვაშვილს 60 წლის იუბილეს ულოცავს
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილ რეჟისორსა და სცენარისტს, გიორგი ოვაშვილს 60 წლის იუბილეს ულოცავს.
„გიორგი ოვაშვილის შემოქმედება არაერთ საინტერესო და წარმატებულ პროექტს მოიცავს. მისმა სადებიუტო, ყველასათვის დასამახსოვრებელმა და საყვარელმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „გაღმა ნაპირმა“ (2008) მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალში და 50-მდე ჯილდო მოიპოვა (მათ შორის სიეტლის, ვისბადენის, გრანადის, ერევნისა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე).
მისმა ფილმმა „სიმინდის კუნძულმა“ (2014) გაიმარჯვა კარლოვი-ვარის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე და ის ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ ნომინაციის – „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ – მოკლე სიაში წლის საუკეთესო ცხრა ფილმს შორის აირჩიეს. „სიმინდის კუნძულმა“ გრან-პრი მოიპოვა მონპელიეს (საფრანგეთი), სპლიტისა (ხორვატია) და ანაპის (რუსეთი) კინოფესტივალებზეც.
გიორგი ოვაშვილმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმები „ხიბულა“ (2017) და „მშვენიერი ელენე“ (2022). იგი ხშირად არის თავისი ფილმების სცენარის ავტორი და პროდიუსერიც.
გ. ოვაშვილს არის რეჟისორი არაერთი საინტერესო და განსხვავებული სტილის დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა, რომლებსაც საერთაშორისო ჯილდოებიც ხვდა წილად. ეს ფილმებია: „ძალიან პატარა ამბავი“ (1995), „ვაგონეტი“ (1996, სპეციალური პრიზი კიევის კინოფესტივალზე „მოლოდოსტ“, 1996), „მირაჟი“ (დოკ. ფილმი, 1999), „მდინარე“ (დოკ. ფილმი, 2003, პრიზი „ოქროს ლანგარი“, საერთაშორისო კინოფესტივალი კუნძულ კიშზე, ირანი, 2005), „ზღვის დონიდან“ (2004; მთავარი პრიზი „ოქროს ასსილაჰის“ I საერთაშორისო კინოფესტივალზე (2004), ნიუ-იორკის კინოაკადემიის პრიზი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურის სპეციალური პრიზი ოდენსეს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი პრიზი „დიდორი“ დუშანბეს I საერთაშორისო კინოფესტივალზე (2005), „კავშირი“ (2005).
გიორგი ოვაშვილი იყო კომპანია „ქართული ტელეფილმისა“ (1998-2002) და სხვადასხვა კერძო ტელეკომპანიის რეჟისორი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.