პიტერ სიიარტო: უნგრეთი ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფის დაბლოკვას კვლავ გააგრძელებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისი ქვეყანა ბლოკავს და კვლავ გააგრძელებს 500 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფის დაბლოკვას ევროპის მშვიდობის ფონდიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას გულისხმობს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სიიარტომ ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მეთაურების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი უკიდურეს ზეწოლას განიცდიდა, რათა თანხმობა მიეცა უკრაინისათვის აღნიშნული ტრანშის გამოყოფაზე.
„რა თქმა უნდა, მე ამას მხარი არ დავუჭირე, რადგან ჩვენ კვლავ იმ პოზიციაზე ვდგავართ, რომ სანამ არ მივიღებთ გარანტიას უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსგან, რომ [უნგრული ბანკი] OTP ან რომელიმე [სხვა] უნგრული კომპანია არ მოხვდება ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, ამ საკითხში წინსვლას ვერ შევძლებთ“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფონდიდან გამოყოფილი 500 მილიონი ევრო პირდაპირ უკრაინაში კი არ მიდის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებს იარაღის მიწოდების კომპენსაციისთვის გადაეცემა, ამიტომ „უკრაინის მხარდაჭერას არავინ აკავებს“.
უნგრეთი თვეების განმავლობაში ბლოკავს თანხების გამოყოფას იმის გამო, რომ უკრაინის სადაზღვევო ეროვნულმა სააგენტომ უმსხვილესი უნგრული ბანკი – OTP Bank „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა.