სიბიუ – ქალაქი, რომელიც გიყურებს
რუმინეთის ერთ-ერთი ულამაზესი კულტურული ცენტრი, ქალაქი სიბიუ ცნობილია თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით. უძველეს სახლებს აქვთ პატარა ფანჯრები, რომლებიც, თითქოს, ეჭვის თვალით იყურებიან.
რამდენიმე საუკუნის წინ სახურავებზე მსგავს პატარა ღიობებს სავსებით პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ თანამედროვე დროში „საეჭვო ფანჯრები“ რუმინეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
რატომ გაკეთდა ფანჯრები სახურავებზე?
„თვალის“ მქონე სახლების უმეტესობა მე-15-19 საუკუნეებში აშენდა.
უცნაური ფორმის ფანჯრები რეალურად ფუნქციონირებდა, როგორც ვენტილაცია სხვენისთვის, სადაც ინახებოდა ხორცი, ყველი, მარცვლეული და სხვა საკვები.
პატარა ღიობების წყალობით, ოთახში მზის შუქი შემოდის, მაგრამ არც ისე ბევრი. მიუხედავად მათი პრაქტიკული მიზნებისა, ზოგიერთი ადგილობრივი ამტკიცებს, რომ ეს „საეჭვო თვალები“ ადამიანებში შიშის ჩასანერგად შეიქმნა – რათა იცოდნენ, რომ მათ ყოველთვის უყურებენ და აკვირდებიან.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო
2017 წლის დასაწყისში რუმინეთში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ახლად არჩეული მთავრობის გადაწყვეტილება კორუფციის დეკრიმინალიზაციის შესახებ. ხელისუფლებამ შემოიღო კანონები, რომლებიც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევდა, თავიდან აეცილებინათ გამოძიება.
საეჭვო გამოხედვის მქონე ფანჯრები, მეტსახელად „სიბიუს თვალები”, პროტესტის სიმბოლოდ იქცა. მომიტინგეებმა, რომლებსაც პლაკატები ეჭირათ, განაცხადეს, რომ ქმნიდნენ „კორუფციისგან თავისუფალ ზონას“ და „სიბიუს თვალები“ მათი სიფხიზლის სიმბოლო იყო.
ხალხი, მთელი მსოფლიოდან, რუმინელებს მხარდაჭერის მიზნით უგზავნიდა ფოტოებს „საეჭვო თვალებით“.
ამის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა გაათავისუფლა ეროვნული ანტიკორუფციული დირექტორატის ხელმძღვანელი, ხოლო პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მოითხოვა.