საქართველოს ეროვნული გალერეა ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენას უმასპინძლებს
18 ნოემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა „დიაგონალი 13“ გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „დიაგონალი 13“ საგამოფენო პროექტია, რომელიც სპეციალურად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისთვის შეიქმნა. მთავარი კონცეპტუალური ხაზი ცირკის თემას უკავშირდება.
„გასული საუკუნეების მონარქთა კარისა თუ ბრჭყვიალა, სინათლით გაცისკროვნებული ჯადოსნური არენის მიღმა ჯუჯებისა და ჯამბაზების ტრაგიკული ბედი სხვადასხვა დროის არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა, ველასკესიდან ფელინიმდე. შემოქმედებითი აზროვნების ეს შედევრები არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ბედზე, არამედ, საზოგადოდ, ჰუმანიზმსა და, იმავდროულად, ადამიანის სისასტიკეზე დაგვაფიქრებს. გამოფენაზე ცირკის თემას მხატვარი მის შემოქმედებაში უკვე ნაცნობი რამდენიმე სტილისტური სერიის მეშვეობით ასახავს. შეიძლება ითქვას, რომ მხატვრის მიერ ამ გამოფენისთვის შექმნილი ახალი კოლექცია მისი შემოქმედების „სტილისტური რეტროსპექტივაა“.
ოლეგ ტიმჩენკო (1957) 1980-90-იანი წლების დასაწყისის ავანგარდულ ჯგუფ „X სართულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია. ე. წ. პერესტროიკის პერიოდში ჯგუფში გაერთიანებულმა ხელოვანებმა პოსტმოდერნისტული ხელოვნების ახლებურად გააზრება და მისი საკუთარ შემოქმედებაში ასახვა დაიწყეს.
აქტუალურ და პრობლემურ თემებზე შემოქმედებითი რეაქციების პარალელურად ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებაში მუდმივად არის ისტორიისა და ლიტერატურის თემები, რომანტიკულ-სიმბოლური ხილვები, იუმორით აღსავსე ზღაპრული სერიები. მისი პერსონაჟები ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ კი ისე პლაკატურად განზოგადებულია, რომ სიმბოლოს ან რაიმე ნიშანს მოგვაგონებს. „რეალობა ჩანაცვლებულია რეალობის სიმბოლოებით“. ისინი ახალ მნიშვნელობას იძენს და მხატვრის მიერ შექმნილი ახალი სამყაროს კუთვნილება ხდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.