ოზურგეთის თეატრი თბილისში, თელავსა და გორში საგასტროლო ტურნეს გამართავს სპექტაკლით – „ექვთიმე“
19 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეს გამართავს თბილისში, თელავსა და გორში და წარმოადგენს ტრილოგიის მესამე ნაწილს – „ექვთიმე“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სპექტაკლი 19 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში. გარდა ამისა, გურიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, 20 ან 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, პირველად, ექსპერიმენტის სახით, სპექტაკლს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის გურული ეზოც დაეთმობა. 21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ოზურგეთის თეატრი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, 23 ნოემბერს, 19:00 საათზე კი საგასტროლო ტურნე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდება.
„ტურნეს მიზანია, ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს, მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის საშუალებით და თეატრის ენით გააცნოს საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტები, სახელოვანი პატრიოტების ცხოვრება და მოღვაწეობა.
მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია „ექვთიმე“ მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილია ტრილოგიისა („გურიის დედოფალი“, „რესპუბლიკა გურია“, „ექვთიმე“), რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 160-ე – საიუბილეო წელს და მისი წმინდანად შერაცხვის მე-20 წელს ეძღვნება. სპექტაკლი გურიის ბოლო ორასწლოვან ისტორიასა და წმიდა ექვთიმეს, როგორც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს აცოცხლებს. წარმოდგენის ერთ-ერთი ნაწილია მოგონებები – „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ პროექტი განახორციელა.
სპექტაკლი და საგასტროლო ტურნე განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი – გოჩა კაპანაძე.
ინფორმაციისთვის: ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილები – „გურიის დედოფალი“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული „რესპუბლიკა გურია“ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წელს საგასტროლო ტურნეს მიმდინარეობისას წარმოადგინა თბილისში, რუსთავსა და გორში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: