უკრაინამ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს
უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომლის საშუალებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნება შესაძლებელი. სანქციების დაწესების საფუძველი უცხოური სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ან პოტენციური საფრთხე, საფრთხე უკრაინის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია ან ეკონომიკური ზრდისთვის ბარიერების შექმნა, მატერიალური ზიანის მიყენება იქნება.
გარდა ამისა, სანქციების დაწესების საფუძველი გენერალური ასამბლეის ან გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებები და რეგლამენტი, გაეროს სტატუსის ან ადამიანის უფლებების საერთო დეკლარაციის დარღვევის ფაქტები შეიძლება გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეიძლება ვადიანი და უვადო იყოს. კანონის ძალაში შესვლა უკრაინის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, უახლოეს მომავალში თავდაცვის და უშიშროების საბჭოს განსახილველად სანქციების სია რუსეთის ფედერაციიდან და სხვა სახელმწიფოებიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი 172 ფიზიკური და 65 იურიდიული პირის წინააღმდეგ გადასცეს. კანონი უკრაინის მთავრობამ დაამუშავა, რადამ ეს კანონი მიიღო, უკრაინის პრეზიდენტმა კი დოკუმენტს ხელი მოაწერა.