„გაიცანი კომპოზიტორები“ – თეა მუქერიას საავტორო შემეცნებითი კურსი დაიწყო

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან პარტნიორობით, 7 ნოემბერს, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თეა მუქერიას საავტორო შემეცნებითი კურსი მოზარდებისთვის – „გაიცანი კომპოზიტორები“ დაიწყო.
კურსის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმი და გაეცნენ დიდი ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის პირად ნივთებს, რის შემდეგაც მუზეუმის პედაგოგ-ექსკურსიამძღოლმა  ქალბატონმა ვიქტორია სირაძე-დავითაშვილმა მოზარდებს მუზეუმის ერთ-ერთი საგანმანათლებლო შემეცნებითი პროგრამა – „ფოლკლორის სამყაროში“  შესთავაზა.
შემეცნებითი კურსი 16 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაგრძელდება.
პროექტის ავტორი და პედაგოგი თეა მუქერია ევროპული კლასიკური მუსიკის დიდი კომპოზიტორების ცხოვრებასა და შემოქმედებას გააცნობს მოზარდებს. მას  რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

– შემეცნებითი კურსი – „გაიცანი კომპოზიტორები“ განკუთვნილია მოზარდებისთვის, განსაკუთრებით სწორედ მათთვის ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონია კლასიკურ მუსიკასთან და თვლის, რომ ეს მუსიკა მოსაწყენი და მოსაბეზრებელია, სწორედ ამიტომ, კურსი მოიცავს ცნობილი კომპოზიტორების ცხოვრებიდან საინტერესო ამბებს და მათ მიერ დაწერილ ძალიან პოპულარულ ან პირიქით, ნაკლებად ცნობილი შედევრების მოსმენას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულია ახალი თაობის ინტერესები და, შესაბამისად, კლასიკურ მუსიკას გაეცნობიან მათთვის უცნობი რაკურსით. აღმოაჩენენ, რომ ეს მუსიკა უამრავ რეკლამაში, ანიმაციასა თუ მხატვრულ ფილმშია გამოყენებული. ეს აღმოჩენა კი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან მიხვდებიან, რომ კლასიკური მუსიკით არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობა, არამედ მისი პრაქტიკულად გამოყენებაც შეიძლება, ეს ფაქტორი კი უმნიშვნელოვანესი დეტალია თანამედროვე ადამიანისთვის.
– რამდენ შეხვედრას ითვალისწინებს კურსი და როგორ წარიმართება?
– კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, რაც შედგება 12 კომპოზიტორის: იოჰან სებასტიან ბახის, დომენიკო სკარლატის, გეორგ ფრედერიკ ჰენდელის, იოზეფ ჰაიდნის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰანეს ბრამსის, რობერტ შუმანის, ფერენც ლისტის, კამილ სენ-სანსის, კლოდ დებიუსისა და მორის რაველის ბიოგრაფიებს, აგრეთვე მოისმენენ მათ მიერ შექმნილ ნაწარმოებებს.
მოზარდები კურსის მეშვეობით გაეცნობიან: ბაროკოს, კლასიციზმის, რომანტიზმის და იმპრესიონიზმის პერიოდების ისტორიულ და მუსიკალურ მახასიათებლებს.
შეხვედრები სახალისო და ინტერაქტიური იქნება.
არანაირი დავალება, მხოლოდ საინტერესო ამბების და კარგი მუსიკის მოსმენა. შთაბეჭდილებების   გაზიარება, განვლილი მასალის გამეორება მხიარული აქტივობებით, რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ თამაშებს, მუსიკალურ და სახალისო თავსატეხებს.
შემეცნებითი კურსი საავტოროა და პროგრამა აგებულია სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურასა და უცხოენოვან სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, ავტორის მიერ შემუშავებულ მეთოდიკაზე, რაც ავტორისეულ ტექსტებსა და თავსატეხებს მოიცავს.
– კურსის მიზანი…
– კურსის მიზანია, მოზარდს შეუყვარდეს კლასიკური მუსიკა, ახლოს გაიცნოს მსოფლიოს დიდი კომპოზიტორები, მოისმინოს საინტერესო ამბები მათი ცხოვრებიდან, მათ მიერ შექმნილი პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი მუსიკალური შედევრები. მოზარდები დარწმუნდებიან, რომ კლასიკური მუსიკა არამხოლოდ ხელოვნების ერთ-ერთი დარგია, არამედ ის არის ისეთი პროფესია, რისი გამოყენებაც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში და რაც მთავარია, კურსის დასრულების შემდეგ ისინი კლასიკური მუსიკის კარგი მსმენელები გახდებიან.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მოზარდებისთვის კურსი უფასოა.
დიდი მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას პარტნიორობისთვის და მასპინძლობისთვის.
დიდ მადლობა ვუხდი თბილისის მერიას პროექტის მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები