ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ” ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია, „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე” ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი” განიხილა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე იმსჯელა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოიყვანს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელემენტის მატარებელ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის გზით და ოჯახის რჩენის საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, ასევე, უცხო ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას.

ცვლილების მიღებით, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია ექნებათ არა მარტო მშობელსა და შვილს შორის არსებულ საალიმენტო, არამედ მეუღლეთა შორის რჩენის ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზეც.

როგორც თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, კონვენციის თანახმად, ამავე კონვენციის ფარგლებში განსახორციელებელი საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების უზრუნველსაყოფად არ უნდა მოითხოვებოდეს არანაირი უზრუნველყოფა, რა დასახელებითაც არ უნდა იყოს ის გამოყენებული.

„შესაბამისად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონით გამოირიცხება მხარისათვის კონვენციის ფარგლებში მიმდინარე წარმოებისას სასამართლო ხარჯების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე” 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი განისაზღვრება ამავე ოქმით დადგენილი წესის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები