„ჩემი ქალაქი“ – ლელა ტაბლიაშვილის მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნება
11 ნოემბერს, 17 საათზე, გალერეა „წითელ კვადრატში“ ლელა ტაბლიაშვილის მესამე პერსონალური გამოფენა „ჩემი ქალაქი“ გაიხსნება.
როგორც თავად მხატვარმა „კვირას“ აცნობა, გამოფენის სახელწოდება გალერისტ ნინო ყარაულაშვილის იდეაა; წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები ტილოზე, აკრილსა და ზეთში, აგრეთვე – აკვარელში.
ლელა ტაბლიაშვილი:
„მე მიყვარს ჩემი ქალაქი, მშვიდობიანი თბილისი. ნამუშევრებზე ასახულია ის ადგილები, სადაც ხშირად მიწევს ყოფნა. წარმოდგენილია ზამთრის პეიზაჟები, ქუჩები, არქიტექტურა.
ზამთარში განსაკუთრებულად ლამაზია თბილისი. თოვლი ალამაზებს და ფარავს ისეთ არქიტექტურას, როგორიც არის საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები.
გამოფენას ვუძღვნი ჩემს ყველა მეგობარს. აგრეთვე ვუძღვნი ჩემს ახლობლებს, რომლებმაც დატოვეს ეს ქვეყანა. ჩემს და მათ თბილისში გვქონდა ბედნიერება, რომ შევხვედროდით“.
ინფორმაციისთვის: მხატვარი ლელა ტაბლიაშვილი – პირველად საქართველოდან, ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტია – 2011-2012.
1993 წლიდან დღემდე მუშაობს პედაგოგად სამხატვრო აკადემიაში.
„წითელ კვადრატში“ გამოფენა 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მის: აბაშიძის №42.