ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტებს 772 დასახელების წამალი დაემატა
რეცეპტით გასაცემთა სიიდან ურეცეპტოდ გასაცემთა ნუსხაში 15 სექტემბრიდან 772 სავაჭრო დასახელების მედიკამენტი გადავა, – ამის შესახებ განცხადება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. მისი თქმით, ჯგუფებს შორის მედიკამენტების რეკლასიფიკაციის შესახებ ინიციატივა საქართველოს ფარმაცევტულ ასოციაციას ეკუთვნის. 772 სავაჭრო დასახელების მედიკამენტი, რომელიც ურეცეპტოდ გასაცემთა ნუსხაში გადავიდა, ძირითადად, ანთების საწინააღმდეგო, გარეგანი მოხმარების, დიაბეტის და ხანმოკლე მოქმედების წნევის სამართავი ტიპისაა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მედიკამენტების ჯგუფებში გადანაწილების კუთხით, ეს რიგით მეხუთე ცვლილებაა. მისივე თქმით, რეკლასიფიკაციის პროცესი, როგორც ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სიიდან რეცეპტით გასაცემთა ჯგუფში, ისე პირიქით, კვლავ გაგრძელდება.