დევიდ სკინერისა და ქართველი ჯაზის ვარსკვლავების საღამო გაიმართება
6 – 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში Erasmus+ის პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფება ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორი, ჯაზპიანისტი დევიდ სკინერი.
კონსერვატორიის ინფორმაციით, დევიდ სკინერი კონსერვატორიის ჯაზის დეპარტამენტს მეორედ სტუმრობს. მას დაგეგმილი აქვს ინტენსიური სარეპეტიციო კვირა ქართველ სტუდენტებთან ერთად, რაც დაგვირგვინდება კონცერტით.
კონცერტი გაიმართება 12 ნოემბერს ჯაზ-კლუბ „არტერიაში“, რომელიც წარმოადგენს იმ მუსიკალურ სივრცეს, სადაც თავს იყრიან ყველა თაობის ქართველი ჯაზშემსრულებლები. მათ შორის არიან კონსერვატორიის ჯაზის მიმართულების პედაგოგები და კურსდამთავრებულები.
ნორვეგიელი პიანისტის ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებულ ჯაზის აქტიურ სცენაზე სწორედ მოქმედი სტუდენტების ინტეგრირება . პროფესიონალებისა და ახალბედა ჯაზმუსიკოსების ერთობლივი პერფორმანსის წარდგენა მსმენელისთვის მოკლევადიანი ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ, რაც ყველა მათგანისთვის ახალი და საინტერესო გამოცდილება იქნება.
მანამდე კი, 9 ნოემბერს, კლუბ „არტერიაში” გაიმართება დევიდ სკინერისა და ქართველი ჯაზის ვარსკვლავების საღამო.
ღონისძიების ბმული: https://tkt.ge/event/380010/david-skinner-quartet-arteria