ხაზს ვუსვამთ, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება – ისინი იყვნენ ევროკავშირის წევრი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მკვეთრად უნდა იქნეს ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, შესაბამისად, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
“მთავრობამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს პროგრესს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ რომ მთავრობამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯები.მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა.
შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ინფორმაციისთვის, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.