“ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე ოპოზიცია პარლამენტს სპეციალური რეზოლუციის პროექტს შესთავაზებს” – რომან გოცირიძე
დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს სპეციალური რეზოლუციის პროექტს შესთავაზებს.
„ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო – რუსეთის წამახალისებელი განცხადებები კეთდება, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ნებისმიერი მკაცრი განცხადება, საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა არის მცირე, მაგრამ ერთ-ერთი პრევენციული ზომა, რათა ასეთი მოვლენები არ ხდებოდეს. ოპოზიცია ამზადებს რეზოლუციას, რის შესახებაც მალე შეიტყობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.
საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.