ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონული შეხვედრის მონაწილეებმა დეკლარაცია შეიმუშავეს

საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობს, დეკლარაცია შეიმუშავეს. დეკლარაცია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ეხება. დეკლარაციის საბოლოო ვერსიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ დამატებები წარადგინა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შეეხება.

პარლამენტის ინფორმაციით, დეკლარაციაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაა გამოხატული და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შეჩერებისკენ მოწოდებაა ასახული.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო საპარლამენტო ორგანოს. ასამბლეა აქტიურად მუშაობს დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის.

საქართველო, 2023 წლის ივლისიდან, თბილისში გამართული 48-ე სესიის ფარგლებში ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დამკვირვებლის სტატუსიდან უკვე ასოცირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

ასამბლეაში საქართველოდან მონაწილეობენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები