“დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის დეგრადაციის პროვოცირებას ახდენს” – პატრუშევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში ვითარების დეგრადაციის პროვოცირებას ახდენს.
ამის შესახებ მან მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრაზე თქვა.
„ჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის სტაბილიზებით, მისი განვითარებისთვის და ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერების პირობების შექმნით. ამ მიზნით, რუსეთი თანმიმდევრულად დგამს ნაბიჯებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზებისთვის, რომ მოხდეს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, ამ ქვეყნებს შორის საზღვრების დელიმიტაცია, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა“, – თქვა პატრუშევმა.
მისი თქმით, “პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გარე ძალების ჩარევა. რეგიონში დასავლეთის ქვეყნების ქმედებები სიტუაციის დეგრადაციის პროვოცირებას ახდენს და მასში წინააღმდეგობების შენარჩუნებას უწყობს ხელს”.