გია ვოლსკი – კანდიდატის სტატუსზე: ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს აქვს
ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როდესაც სტატუსის არ მიღების გამო დაირაზმება ხალხი და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დიდი ხანია, ჯიბით ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს აქვს. ეს უნდა დაინახოს ევროკომისიამ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.
შეფასებითი დოკუმენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებს დაეყრდნობა, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად 2022 წლის ივნისის შემდეგ გატარდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.