რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაში – „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“ მონაწილეობა მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“, რომელიც საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (GNCOLD) ორგანიზებით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ კაშხლების უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მათ შორის, საქართველოსათვის უდიდესი ამოცანაა. მისი თქმით, თავისი მდიდარი ჰიდრორესურსების გამო, ქვეყანას აშენებული აქვს კაშხლები, მათ შორისაა, ენგურჰესი, რომელსაც 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი აქვს. ამასთან, რომეო მიქაუტაძის თქმით, ამ ტიპის ნაგებობების მშენებლობა საქართველოში მომავალშიც იგეგმება და აქედან გამომდინარე კონფერენციის თემატიკა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში ნაგებობის უსაფრთხოებაზე კომპლექსური დაკვირვების საუკეთესო მაგალითი იყო ენგურის ჰესის მშენებლობა, ასევე მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მუდმივი უწყვეტი მონიტორინგი თაღოვან კაშხალზე, დერივაციულ 15 კმ სიგრძის სადაწნეო გვირაბზე, არსებულ გეოლოგიურ რღვევაზე და ასე შემდეგ.
„სამყარო იცვლება, იზრდება გამოწვევები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები კაშხლების და ზოგადად ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასა და ექსპლუატაციაში და ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებითაც უნდა განვითარდეს, რათა არსებული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ,“ – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს ტრენინგისთვის, რომლის დროსაც კაშხლებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას და შეძლებენ, დარგში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნონ.
კონფერენცია გახსნა საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (GNCOLD) თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ. ღონისძიებას დაესწრნენ ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და სხვ. კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდება სამეცნიერო სესიები, სადაც წარდგებიან სამეცნიერო თუ საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები და ისაუბრებენ რეგიონში და ასევე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.