“ევროკავშირი გმობს საქართველოს მოქალაქის მოკვლას და მოუწოდებს დაკავებულის გათავისუფლებისკენ” – ბორელი
ევროკავშირი სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა დაწერა.
დიპლომატმა რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.
საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა“, – წერს ბორელი Twitter-ზე (X).