ირაკლი ქადაგიშვილი: ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები
“ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიებულ იქნეს და გადმოცემულ იქნეს დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა და დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერჯერობით ტყვეობაშია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდარს.
კითხვაზე – “რამდენად ახერხებს პროვოკაციის ადგილის არდატოვებას ხელისუფლება მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს კლავენ”, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიების ერთეული შემთხვევებია.
“კონკრეტული ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ორ ტერიტორიაზე ხორციელდება. ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიებულ იქნეს და გადმოცემულ იქნეს დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა და დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერჯერობით ტყვეობაშია. სპეკულირება დღეს და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ვიხილეთ, არის სრული უზნეობა და პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც მომხდარა ასეთი ტრაგიკული ფაქტები, 2010-2011 წლებში და არასდროს იმდროინდელ ოპოზიციას არ გაგვიხდია ასეთი სპეკულირების საგანი ოკუპანტების ჩადენილი დანაშაულები. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება.
ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ერთეული შემთხვევებია ასეთი ტრაგედიების და ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას მეტი ესკალაცია მოჰყვება და რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს ოპოზიციიდან?! მათი ქმედებების შედეგი იყო, ის რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.