ნიკოლოზ სამხარაძე: საკითხი ასე დადგება, რომ საქართველოს გადმოეცეს ის ადამიანი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით დადგება საკითხი, რომ პირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლა, საქართველოს გადმოეცეს, რათა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდეს.
“საკითხი ასე დადგება, რომ საქართველოს გადმოეცეს ის ადამიანი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, შესაბამისად, ეს შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ მედიატორის ჩართულობით; იმ მხარის ჩართულობით, რომლის მედიაციითაც გაფორმდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ სხვა ბერკეტი და ხაზი რუსეთთან ურთიერთობებში არ გვაქვს. ერთადერთი, ეს არის ჟენევის ფორმატი და ის შეხვედრები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე იმართება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად”,- განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.