ნიკოლოზ სამხარაძე: კირბალთან მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ტრაგედიაა – ჩვენ უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში
“კირბალთან მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ტრაგედიაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის მოგვარების საკითხში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.
“ეს ოკუპაციის კიდევ ერთი ძალიან მძიმე შედეგია. ფაქტი თავისთავად ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის და ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზზე მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მეტად აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რომ მომავალში ასეთი ფაქტები გამოირიცხოს და საქართველოს მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზზეც მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.