შალვა პაპუაშვილი: კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასებებს, ასევე დამნაშავეების დასჯას, მთავრობა ამ მხრივ ძალიან აქტიურია

„ჩვენ ველოდებით ამაზე რეაქციებს, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე შესაბამისად, დამნაშავეების დასჯას და მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარი ფაქტი მთელი ქვეყნის გამოწვევაა.

“რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც არა მხოლოდ და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ეხება ყოველდღიური საფრთხე, მათი სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის არის მთლიანად სახელმწიფოს წინაშე გამოწვევა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება.

2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები