ლავროვი: დასახულია მიზანი – ნებისმიერი ხერხით რუსეთის წონასწორობიდან გამოყვანა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ხერხით რუსეთის წონასწორობიდან გამოყვანაა მიზნად დასახული. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ პოლიტიკაში ცინიზმი ყოველთვის არსებობდა. „იტარ-ტასის“ პროექტ „პირველ პირებში“ ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ რუსეთის იზოლირების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის გაძლიერებისკენ გამოდის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატოზე საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსი დაცვის გარანტიას აძლევს ყველას, ვინც მისი წევრი ხდება, თუმცა ალიანსი არ აძლევს უსაფრთხოების გარანტიას მათ, ვინც ნატოში არ შედის.
„როგორც ჩანს, ჩანაფიქრის თანახმად, ამ მიზეზით ნატოში პოსტსაბჭოური ქვეყნების ჩათრევა და გამყოფი ხაზების ჩვენს საზღვრებთან გადატანა უნდა მომხდარიყო. თუმცა ეს იდეა ჩაფლავდა. უკრაინის მაგალითმა სრულად ყველაფრის დემონსტრირება მოახდინა“, – განაცხადა ლავროვმა.