გაეროს გენერალური მდივანი: ღაზაში განვითარებული კატასტროფა გადაუდებელს ხდის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზა ბავშვების სასაფლაოდ იქცა და ანკლავში გაუარესებული პირობები უფრო აქტუალურს ხდის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.
„ღაზას კოშმარი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული კრიზისი. ეს არის კაცობრიობის კრიზისი“, – განუცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.
აღნიშნული კომენტარი ანტონიო გუტერეშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზაში დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.
„ღაზაში განვითარებული კატასტროფა ყოველი გასული საათის განმავლობაში უფრო გადაუდებელს ხდის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. კონფლიქტის მხარეები, საერთაშორისო საზოგადოება ფუნდამენტური პასუხისმგებლობის წინაშე დგანან: შეაჩერონ ეს არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოვონ ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში“, – დასძინა გუტერეშმა.