ირაკლი ბერაია: საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან, რა დროც არ უნდა გავიდეს, აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობისა და გატაცების ფაქტებს ეხმაურება.
როგორც ბერაია აღნიშნავს, რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები საკუთარ თავზე გამოცდიან ქართული მართლმსაჯულების ძალასა და სიმკაცრეს.
„მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით. ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის, წნეხის გაზრდისა და გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს და რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან. ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. ვერც ოთხოზორიას, ვერც ტატუნაშვილის, ვერც დავით ბაშარულის, ვერც დღეს მოკლული ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები ვერსად ვერ დაიმალებიან. რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდიან ქართული მართლმსაჯულების ძალასა და სიმკაცრეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.